ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც 8 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ევროკავშირში საქართველოს მისიას, პოლიტიკოსისთვის, რომლისთვისაც მთავარ მიზანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის დაცვა და უზრუნველყოფა წარმოადგენს, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისას გადამწყვეტი ფაქტორი არის, ემსახურება თუ არა ეს ნაბიჯი აღნიშნულ მიზანს, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე: „არის თუ არა შეთანხმება, რომელსაც გუშინ ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი“, სამადაშვილმა განაცხადა, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე მნიშვნელოვანია.
ამასთან, როგორც სამადაშვილი აცხადებს, მოლაპარაკებების გრძელ და რთულ პროცესში დასკვნით ფაზასთან მივიდნენ და მიაღწიეს მაქსიმუმს.
სწორედ ამიტომ, როგორც სამადაშვილი ამბობს, მიაჩნდა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი და მისი თხოვნით მიწვეულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის წევრებს არგუმენტი გააცნო.
ამასთან, სამადაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საქმიანობას აღარ განაგრძობს.
„ამ ეტაპზე, მე ცხადია აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს, ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდეგ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სამადაშვილმა.
(1tv)
