შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს. მისივე განცხადებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, შალვა ბედოიძე აწარმოებდა.
თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით ერთი საათის წინ შეიჭრა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. თავდამსხმელი შენობიდან ჯერ არ გამოუყვანიათ.
უსაფრთხოების მიზნით, დახურულია მეტროსადგური „ავლაბარი“ და მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანილია მოსახლეობა.
imedi.ge
