დღესდღეობით მივმართეთ გამკაცრების მეთოდებს, დავაკვირდებით ამის ეფექტიანობას და უკვე მოგვიანებით ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით თუ რა დამატებითი შეზღუდვები შეიძლება დაიწყოს ქვეყანაში. პირველ რიგში მთავრობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მაქსიმალურად მოვახერხოთ ინფექციის ეფექტიანი მართვა, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკის მაქსიმალური აქტივობა, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი ამ ეტაპზე მოქმედი შეზღუდვების აღსრულების გამკაცრების აუცილებლობას გაუსვა.
„ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვნად არის გამკაცრებული ყველა ჩართული რგოლის მხრიდან მონიტორინგი და აღსრულების კუთხით საჯარიმო სანქციები, რაც ვთვლით, რომ გარკვეულწილად გააუმჯობესებს დამყოლობას მოქალაქეებისა და ბიზნესის მხრიდან. ჩვენი თავდაპირველი ამოცანა იყო, ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ყოფილიყო მათ მიერ ყველა დადგენილი რეგულაციის აღსრულების საფუძველი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით ძალიან ბევრ სოციალურ ღონისძიებას, რომელიც რა თქმა უნდა ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის საფუძველი ხდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
(imedi)
