მე არ გამიგია, რომ ვინმეს ,,ქართული ოცნებიდან" წასვლა უნდა და გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა, გზა ხსნილი აქვს, თუ ვინმე ასე გადაწყვეტს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილების მიღებისას მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა.
მისივე შეფასებით, გიორგი გახარია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო.
„არ მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა, არ მიმაჩნია, რომ მისი პოლიტიკური შეხედულება ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ბოლოს მოხდა, იყო მართებული და სიღრმისეულად გაანალიზებული, მიუხედავად ამისა, ვადასტურებ, რომ არაერთხელ ერთნაირი პოზიციით გამოვსულვართ, ის იყო პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი.
მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, გაცილებით მეტი პრინციპულობა, უფრო სიღრმისეული ანალიზი და შორსმჭვრეტელობა უნდა გამოეჩინა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
(Report)
