ჩვენი მოლოდინი არის კვლავ პოზიტიური, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ამის იმედს გვაძლევს ის, რომ ევროკავშირის მხრიდან არის მაღალი ჩართულობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან კომპეტენტური ადამიანები განიხილავენ ჩვენთან ერთად საკითხებს, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს. ეს ერთი, მეორე, არც ბატონ დანიელსონს და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ დღეს შედგებოდა შეთანხმება, ჩვენ ვთქვით, რომ პოზიციების დაახლოება ხდება. ახლაც შემიძლია გითხრათ იგივე, რჩება საკითხები, რაზეც პოზიციები არის კიდევ დასაახლოებელი. შესაბამისად, მოლაპარაკებები გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება დასრულდება კონკრეტული შედეგით", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკურ პროცესში ჩართვა ყველაზე მეტად დღეს მოლაპარაკებების მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლებს სჭირდებათ.
„ახლაც მზად ვართ, ველით ნაბიჯებს ოპოზიციის მხრიდან, რაც ვფიქრობ უკვე მოგვცემს საშუალებას, რომ პოზიციები დავაახლოოთ და დავასრულოთ ეს დიალოგი კონკრეტული მოლაპარაკებით. მერწმუნეთ, თუ ვინმეს სჭირდება დღეს პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, პარლამენტში დაბრუნება და ის გადაწყვეტილებები, რომელიც მისაღებია, რომ იყოს მათი ჩართულობით განხილული, ეს არის ოპოზიციის ფრთა, რომელთანაც ახლა გვაქვს მოლაპარაკება“,- განაცხადა თალაკვაძემ.
(1tv)
