მათი თქმით, სახლიდან ჩხუბის ხმა მუდმივად ისმოდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ დაკავებული სვამდა და ცოლ-შვილს ხშირად სცემდა.
"სულ ჩხუბი და კონფლიქტი ჰქონდათ. მე როცა აქ მოვდიოდი, ხალხი სულ გარეთ იყო, ვიკთხავდი, რა ხდება - მეზობლები მეტყოდნენ, რომ ჩხუბობენ, ცოლს სცემა, ბავშვებს სცემა, ბავშვები სხვების ეზოებში და ბოსტნებში გარბოდნენ დასამალად. "ფეჩი" ესროლა ბავშვსო, მე ასე გავიგე. ცოლს სცემდა და ამბობდა, ბავშვი ჩემი არ არისო. როგორც ვიცი პოლიცია არ რეაგირებდა სათანადოდ. აქამდე რომ ყურადღება მიექციათ, ბავშვი არ შემოაკვდებოდა, ბავშვები მასთან არ უნდა დაეტოვებინათ" - ამბობს ერთ-ერთ მეზობელი.
კიდევ ერთი მეზობელი ჟურნალისტებს უყვება, რომ კაცი ხშირად სვამდა და სახლში ნივთებს ამტვრევდა, ცოლი კი უსაფრთხოების მიზნით, მისი სახლში მისვლისას, მიდოდა და იმალებოდა.
"ჩამქარლი ღუმელი ესროლა, ცოლს ბავში ხელში ჰყავდა და ალბათ მოხვდა. სვამდა და როცა ნასვამი იყო გონება ებინდებოდა, როცა სვამდა, მინახავას მათ სახლში მეორე დღეს ყველაფერი დამტვრეული. ის გოგო სახლში ხშირად არ იყო. ეს რომ მოდიოდა ნასვამი, ეშინოდა და მიდიოდა, ემალებოდა ალბათ" - ამბობს მეზობელი. გურჯაანში, ოჯახურ კონფლიქტს 8 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ზ.შ.
სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.
მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
(report.ge)
