მოვუწოდებ უმრავლესობას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სრულად ის ორკვირიანი ვადა და რაც შეიძლება სწრაფად წარუდგინეთ პარლამენტს მთავრობის ახალი მეთაური, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.
„9 წელია გასული ხელისუფლების შეცვლიდან და ისევ ვხედავთ დაპირისპირებასა და პოლარიზაციას. ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და ვხელმძღვანელობდით იმით, რომ ქვეყანაში უფრო მეტად შენარჩუნებულიყო სტაბილურობა და გამქრალიყო ურთიერთდაპირისპირების ხიფათი. ჩვენ ყოველთვის ჰუმანურ ფარგლებში ვრჩებით, მაგრამ ვერც იმას ავარიდებთ თვალს, რაც ქვეყანაში ხდება და ვინ ხელმძღვანელობს ამ არეულობას. გუშინ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ ისინი ერთად მოქმედებენ და მასთან მიმდინარეობს ყველა გეგმის შეთანხმება. ის საქართველოს მოქალაქეც კი არაა. მე მივიღებ რჩევებსა თუ შენიშვნებს უცხოეთში მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისგან, მაგრამ ეს ფაქტი, რომ ის ხელმძღვანელობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ჩემთვის მიუღებელია. რამდენად შესაძლებელია ეს სხვა ქვეყნებში კანონმდებლობის კუთხით? პრემიერი გადადგა და ისინი გამარჯვებას ზეიმობენ - ეს ხომ მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამძაფრებს? მოვუწოდებ უმრავლესობას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სრულად ის ორკვირიანი ვადა და რაც შეიძლება სწრაფად წარუდგინეთ პარლამენტს მთავრობის ახალი მეთაური“, - განაცხადა ზილფიმიანმა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
(imedi)
