მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ბიზნესი და საზოგადოება, რომ თითოეული ჩვენგანის ხელშია რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რეგულაციების შემსუბუქების შედეგები დაახლოებით 10 დღის შემდეგ გახდება ცნობილი და ამის გათვალისწინებით იმსჯელებენ შემდგომ შემსუბუქებაზე.
„ჩვენი ამოცანაა, რომ სულ მცირე დღევანდელი ვითარება შევინარჩუნოთ და არ გაუარესდეს. სავარაუდოდ, 10 დღე დაგვჭირდება, რომ დავინახოთ, რა შედეგი მოგვცა ისეთი დიდი მობილობის მაგენერირებელი სფეროების გახსნამ, როგორიც არის მაგალითად მუნიციპალური ტრანსპორტისა და სკოლების გახსნა. დღეს ყველანი შეამჩნევდით ტრანსპორტის მოძრაობა რამდენად ინტენსიური გახდა. ეს არის საკმაოდ გაბედული ნაბიჯი. გარდა ამისა, ვაჭრობის სფერო გაიხსნა, მათ შორის ღია და დახურული ტიპის ბაზრობები და სხვათა შორის, ბაზრობებთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს და არ არის ყველაფერი ისე მარტივად. შრომის ინსპექცია მაქსიმალურად აკონტროლებს და აჯარიმებს და აქედან გამომდინარე გამოჩნდება უკვე შემდეგი მოქმედების ნაბიჯები. თუ ახლა ყველა ერთად კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით და შევასრულებთ აუცილებელ მოთხოვნებს, ესაა პირბადეების ტარება და არ მოვეშვათ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით რეგიონებში ვხედავთ, რომ პირბადის მიმართ ვოლუნტარისტული დამოკიდებულებაა და ისე აქტიურად აღარ იყენებს მოსახლეობა, ეს დაუშვებელია. თუ ყველა ბიზნესი მოთხოვნებს ზედმიწევნით შეასრულებს, პოზიტიურად ვართ განწყობილები, რომ შემსუბუქების შემდეგი თარიღი უფრო მალე დადგება. თითოეული ჩვენაგანის ხელშია ეს პასუხისმგებლობა და რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
(imedi)
