12.01.2021-ში გურიის ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ქვეყნის რელიგიური უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან თანასოფლელ მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი უსამართლობის მოწმენი გავხდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოში, რომელიც მულტიკულტურალიზმს ეყრდნობა, მშვიდობიანი თანაცხოვრების, ტოლერანტობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის ფაქტები სულუფრო მრავლობს. ყოველი მოქალაქის სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მისი ბუნებითი უფლებაა. ადამიანებს გვაინტერესებს თუ ჩვენს ქვეყანაში როდემდე გაგრძელდება რელიგიური უმცირესობისადმი ასეთი არასასურველი მოპყრობა? პასუხი მარტივია: სანამ რელიგიური უმრავლესობის ლიდერები, უმრავლესობას მიკუთვნებული ადამიანების მხრიდან გამოვლენილ ქსენოფობიას თვალს მოუხუჭავენ, დისკრიმინაციას წაუყრუებენ, ქვეყნის მმართველები თავიანთი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებაზე უარს იტყვიან, რელიგიურ უმცირესობებს მხოლოდ არჩევნებზე გაიხსენებენ, ზემოდან ყურებას არ მოეშვებიან, მხოლოდ რელიგიურ უმრავლესობაზე იზრუნებენ , მანამდე ეს პრობლემები ძირეულად არ გადაიჭრება.
გურიაში მიმდინარე ამ უსიამოვნო ამბების გამომწვევებს ვგმობთ და მოვუწოდებთ უფლებამოსილ პირებს, რათა ღირსეულად გაართვან თავი თავიანთ მოვალეობას. გვჯერა და გვწამს, რომ რელიგიური და რასობრივი მიკუთვნებულობის მიუხედავად ბედნიერი ცხოვრება, ყოველი ადამიანის უფლებაა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მრავალფეროვანი ადამიანები ღვთისთვის, ქრისტესთვის (ღვთის სალამი მას) და მუჰამადისთვის (ღვთის სალამი მას) სათნო თანაცხოვრებას მალე მივაღწევთ.
სეიდ მირტაგი ასადოვი სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე და შეიხი
