2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება: 1. მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი; 2. ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევროატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილში.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება.
ამავე დროს, მისი თქმით, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა.
„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს "ქართული ოცნების", როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა. შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა - მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს“, - ნათქვამია წერილში.
ივანიშვილის შეფასებით, „სიცრუის მანქანა არსად გამქრალა“.
„სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით“, - აცხადებს ივანიშვილი.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის, თქმით შეძლო ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა.
„ყველას გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო მედია, - სახელისუფლებო პარტიას მიტაცებული ჰქონდა და სრულად აკონტროლებდა სამივე ეროვნულ მაუწყებელს (იმედს, რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელს). პარტიის ლიდერები საკუთარი დღის წესრიგით მართავდნენ საინფორმაციო ველს, ისინი ადგენდნენ ახალი ამბების თანმიმდევრობას და ხშირად პირადად წერდნენ ახალი ამბების ტექსტებსაც კი! ჩართული იყო ერთიანი პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ადამიანთა შეხედულებებზე გავლენის მოხდენას. წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ ამ ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას გავუძელით, ბევრი პრობლემა გადავლახეთ, მაგრამ სიცრუის დამარცხება და გაქრობა საინფორმაციო ველიდან ვერ შევძელით - შესაძლოა, ეს ამოცანა თანამედროვე სამყაროში შეუსრულებელიც კია. სამაგიეროდ, სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის თქმით ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა. ამიტომაც არის, საბოლოოდ მოქალაქეთა უმრავლესობა სწორად რომ არჩევს ავსა და კარგს. 2020 წლის არჩევნები ამის ყველაზე კარგი მაგალითია“, - ნათქვამია წერილში.
