"ქართული ოცნების" დეპუტატის გიორგი კახიანის განცხადებით, ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი არ შედგება, მმართველი გუნდი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ეკიდება. მან ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ განიხილა დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
"ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც უახლოეს მომავალში გველოდება, შეხვედრების მომდევნო რაუნდია. დიდი იმედი გვაქვს, საბოლოოდ გადაწყდება საკითხი და კონკრეტულ შედეგს მივიღებთ, რაც აისახება იმაში, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი პარლამენტში შემოვა. ამიტომ, ვიდრე ეს შეხვედრა არ შედგება, ჩვენ სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იმ პარტიებს, რომლებსაც ჩახსნილი აქვთ თავისი სიები, მათი პარლამენტის წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტა გამოიწვევს იმას, რომ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ. ამიტომ, ვიდრე მოლაპარაკებების რაუნდი არ დასრულდება, ცხადია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. აუცილებლად მოხდება ამ საკითხების განხილვაც, ოღონდ საგაზაფხულო სესიაზე.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, რომელიც დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა, როდესაც ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ, რომ ისინი მზად არიან შემოვიდნენ პარლამენტში და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ, სწორედ აქედან გამომდინარე განვიხილეთ დღეს პარლამენტის კონკრეტული წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი",-განაცხადა კახიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ "პატრიოტთა ალიანსი" დაფინანსებას მიიღებს, თუ პარტიის რომელიმე წევრი საპარლამენტო საქმიანობას გააგრძელებს.
"ამ პოლიტიკური პარტიის სიით წარდგენილი პარლამენტის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ. ეს პარტიას მისცემს შესაძლებლობას, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსება მიიღოს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა დაფინანსების საკითხს უკავშირებს იმას, კონკრეტული პარტიული სიის წევრები თუ მიიღებენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პარტია შემდეგ დაფინანსებას მიიღებს. თუ მათი ერთი ნაწილი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვები შესაძლოა, განსხვავებულ პოზიციაზე იყვნენ,მათ კანონმდებლობით მაინც ეკუთვნით დაფინანსება", -განაცხადა კახიანმა.
(ipn)
