1 USD =3.294 GEL 1 EUR =4.006 GEL 1 AZN =1.933 GEL 1 TRY =0.446 GEL 1 RUB =4.494 GEL
14 
იან
2021
10:05
10

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა გონგაძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.

„საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელ მოქმედ დროშას ძალიან დიდი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი დროშა გახლავთ. ის დაფიქსირებულია საქართველოს ძალიან ბევრ პორტოლანზე. პორტოლანი ეს გახლავთ საზღვაო რუკები და არსებობს კიდევ სხვა წყაროები. ხუთჯვრიანი დროშა დღეს სეკულარული სიმბოლო არის ჩვენთვის, ვინაიდან მას საფუძვლები გააჩნია, ხოლო ამ დროშაზე თავისი სემანტიკით, მნიშვნელობით გამოსახულია მაცხოვარი და ოთხი აპოსტილი, რომელიც ქვეყნიერებას ამცნობს მის მოვლინებას დედამიწაზე. ეს არის მისი ჰერალდიკური, მეცნიერული განმარტება. საკმაოდ დიდი შრომაა ჩადებული, ვიდრე ეს დროშა დამტკიცდებოდა. არსებობდა პრეზიდენტთან არსებული კომისია. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო სახელმწიფო კომისიამ მუშაობა. 1999 წელს მიიღო პარლამენტმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, უნდა აღმდგარიყო ისტორიული სიმბოლოები, მათ შორის ხუთჯვრიანი დროშაც. საბოლოო, დღევანდელი სახე მან მიიღო 2004 წელს, ხოლო 2017 წელს ის განმტკიცდა კონსტიტუციის მიხედვით და განმტკიცდა მისი სამართლებრივი საფუძვლები. პანდემიიდან გამომდინარე აქტიურობა არ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ამ დღეს გადმოფენილი იქნას დროშები შენობებზე, აივნებზე. ყველამ, როგორც შეუძლიათ, ოღონდ ღირსებითა და პატივით უნდა იყოს მოპყრობილი დროშის მიმართ“, – განაცხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძემ.

პანდემიის გამო სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, ტრადიციულად თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან 12:00 საათზე სახელმწიფო დროშები გადმოიფინება. ღონისძიებაში მონაწილეობას საკრებულოს წევრები მიიღებენ.

ჩვენთან დაგიკავშირდებით



სხვა "საზოგადოება" ამბები